13 იან 2020 14:45 623

"როცა ჩემს შვილს ესროლეს, მე ჩემს სხეულზე ვიგრძენი ტკივილი, ზუსტად ვიცი, ეს როდის მოხდა"

 

 

არასამთავრობო ორგანიზაციის – „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

 

"თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე დღეს პრესკონფერენცია გვქონდა. 2 წლის შემდეგ (საქმეში ევროპული სასამართლოს ინტერვენციის შემდეგ) ჩვენთვის გაზიარებული, მანამდე საიდუმლოების არგუმენტით დახურული, ათეულობით სპეცერაზმელის გამოკითხვის ოქმები გავაანალიზეთ. ცხადია, რომ ახალი მათი გამოკითხვის ოქმებში არაფერი იყო და კიდევ უფრო აშკარა გახდა, რომ თემირლანის მხრიდან ხელყუმბარის გამოყენებით წინააღმდეგობის გაწევის ვერსია უსაფუძვლო, გამოგონილი და სუსტია. ამ ახალმა მტკიცებულებებმა საკუთარი თავი ამხილა და ჩვენებებს შორის წინააღმდეგობების მიღმა, რეალური გამოძიების ინტერესის არ არსებობა აჩვენა. ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვები პროკურატურას ისევ არ აქვს დასმული სპეცრაზმელებისთვის, გამოკითხვები კი დაგვიანებით იყო ჩატარებული.

თუმცა ამ ფაქტობრივი და სამართლებრივი ნიუანსების და აშკარა უსამართლობის განცდის მიღმა, ჩემთვის ყველაზე მძიმე თემირლანის მშობლების განცხადებების მოსმენაა ხოლმე, რომლებიც ამ პოლიტიკური და სამართლებრივი მსჯელობების ველს ადამიანობის და რწმენის ძალით გაარღვევენ ხოლმე.

ბატონმა ვახა მაჩალიკაშვილმა გაიხსენა: როცა ხეობაში ჩავდივარ ხოლმე, სადღაც შიგნით, ყველა ჭიშკრიდან თემირლანის გამოსვლას ველოდები. ვიცი, რომ ეს არ იქნება და ალაჰის და განგების ნება ასეთი იყო, მაგრამ იმისთვის ვიბრძვი, რომ ეს ქვეყანა უფრო სამართლიანი და მშვიდობიანი გახდეს.

თემირლანის დედამ, მედიკომ კი გაიხსენა: როცა თემირლანს ესროლეს, მე ჩემს სხეულზე ვიგრძენი ტკივილი და ზუსტად ვიცი ეს როდის მოხდა. დედა თავის თავზე გრძნობს შვილის ტკივილს. ჩვენ თემირლანს არავინ დაგვიბრუნებს, მაგრამ სიმართლისთვის მაინც ვიბრძოლებთ."