13 იან 2020 15:05 808

შსს სააკაშვილის წინააღმდეგ მისივე ინტერვიუთი აპირებს საქმის აღძვრას 20 ივნისის საქმეზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის იმ განცხადებას გამოიძიებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ნიკა გვარამიას გადაცემა “მთავარ აქცენტებში” ჩართვისას გააკეთა:

 

როგორც “ალიას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს:

 

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება, 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტეროტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლისს მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, ასევე 225-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას. გუშინ, ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც – “2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილის წკიპზე იყო.

ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა. მაშინ, ჩემი აზრით, მომენტი გაშვებული იქნა“, – აღნიშნული განცხადება წარმოადგენს საკმარის საფუძველს ვარაუდისათვის, რომ 2019 წლის 20 ივნისს მიხეილ სააკაშვილის უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის აშკარა მცდელობა. ამ განცხადებასთან დაკავშირებით ჩატარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, რის შემდეგაც იგი შეჯერებული იქნება სხვა მტკიცებულებებთან და მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება."