14 იან 2020 14:36 648
მავთულხლართების გაჭიმვა და პროვოკაციები, რომელსაც ვხედავთ ყოველდღიურ რეჟიმში, არის წინააღმდეგობაში საერთაშორისო სამართალთან, საქართველოს კანონმდებლობასთან და თანამედროვეობასთან, ამიტომ, რუსეთის ფედერაციას აუცილებლად მოუწევს უარი თქვას ოკუპაციაზე და შეასრულოს ის ვალდებულება, რაც აქვს აღებული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმდჯაომრემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, როდესაც ჩორჩანას მიმდებარედ, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ინსტალაციების აღმართვას გამოეხმაურა:
„ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული პოლიტიკა დეოკუპაციასთან დაკავშირებით. ეს არის მშვიდობიანი გადაწყვეტილებები და პროგრამა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც ითვალისწინებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრები ადამიანების მიმართ ყველა იმ მიღწევის და შესაძლებლობის გაზიარებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. ეს არის განათლება, ჯანდაცვის პროგრამები, მოგზაურობის შესაძლებლობები და ბიზნეს პროექტები. ეს არის პროგრამა, რომელიც იქ მცხოვრები ადამიანებისთვის საჭირო ყველა აუცილებელ კომპონენტს შეიცავს. ამ პროგრამის ინიცირების შემდეგ საოკუპაციო რეჟიმის რეაქცია იყო საკმაოდ დესტრუქციული. მათ ჩაკეტეს გადასასვლელი პუნქტები. მაგრამ როგორც ხედავთ, გავიდა წელზე მეტი, რაც საქართველოს მთავრობამ ამ პროექტის ინიცირება მოახდინა და სულ უფრო მეტად ვხედავთ კონტრასტს. სულ უფრო მეტად ვხედავთ, რომ ჩვენი სახელმწიფო მოქალაქეებს სთავაზობს რეალურ შესაძლებლობებს და რეალურ დაცვას, სახელმწიფო სერვისებს, განათლებას, ჯანდაცვას და ამ ფონზე, რუსეთი და საოკუპაციო რეჟიმი იქ მცხოვრებ ადამიანებს არაფერს არ სთავაზობს. ვერ უზრუნველყოფს ელემენტარულ ჰუმანიტარულ საჭიროებებს, ადამიანის საბაზისო მოთხოვნებს და თვეების განმავლობაში ვხედავთ, რომ არაერთი ადამიანი, ვისაც სჭირდებოდა სამედიცინო მომსახურება, ვერ მივიდა ექიმთან. არაერთი ადამიანი, ვისაც სჭირდება საკვები, რჩება საკვების გარეშე. არაერთი ადამიანი, ვისაც სჭირდება განათლება, რჩება განათლების გარეშე, მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი და საოკუპაციო რეჟიმი ამ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს მხოლოდ მილიტარისტულ რიტორიკას და იარაღის ჟღარუნს სთავაზობს წლიდან წლამდე. ეს ჩვენს ოს და აფხაზ ძმებს ძალიან კარგად ესმით უკვე.
საქართველო დღეს უფრო მეტად არის ინტეგრირებული ევროპის ეკონომიკაში და არაერთი სასიკეთო რეფორმა ხორციელდება ყოველდღიურად. ჩვენ აღვადგენთ ურთიერთობებს, აღვადგენთ ხიდებს აფხაზებთან, ოსებთან, საქართველო გაერთიანდება და ჩვენი თანამოქალაქეები და ადამიანები, ვინც ამ რეგიონში ცხოვრობენ, მიიღებენ ყველა იმ სიკეთეს, რომელიც აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს. ჩვენი ამოცანა არის, რომ ნებისმიერ ინციდენტზე საქართველომ შეინარჩუნოს უსაფრთხოება, მშვიდობა; გავაკეთოთ მაქსიმალური მობილიზაცია საერთაშორისო საზოგადოების და მივიღოთ ყველა ზომა, რომელიც შესაძლებელია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებით. საქართველო არანაირ პროვოკაციაში არ შევა და ასევე, არავითარ დათმობაზე არ წავა ქვეყნის ინტერესების ხარჯზე“