14 იან 2020 19:37 757
საკონსტიტუციო სასამართლო ახალ თავმჯდომარეს ელოდება. იმის მიუხედავად, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ უზენესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობა გადაიფიქრა და პოზიციაზე დარჩა, ახალი თავმჯდომარის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილია.
საკონსტიტუციო სასამართლოს "უდიპლომო“ თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადა 15 ივნისს ეწურება. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის სურვილი ბიძინა ივანიშვილის სახელისუფლო ვერტიკალში ძალიან ბევრ გაპოლიტიკოსებულ იურისტს აქვს.
საკონსტიტუციო სასამართლოს მომავალი თავმჯდომარის შესახებ მედიაში ბევრი გვარი ვრცელდება. მათ შორის არიან პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ხორავას ქუჩის სისხლიანი საქმის გამო თანამდებობიდან გადაყენებული ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე.
თუმცა, "2020NEWS“-ის ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის პოლიტიკურ ქასტინგში კიდევ ერთი ყოფილი და გადამდგარი მაღალჩინოსანი მონაწილეობს.
სააგენტოს ინფორმირებული წყაროს ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობა უზენაესი სასამართლოდან უსიტყვოდ და მდუმარედ გადამდგარ ნინო გვენეტაძესაც უნდა. გვენეტაძის სავარაუდო კონკურენტები დიდი ალბათობით, "ყოფილებიც“ იქნებიან.
"2020NEWS“-ის ინფორმაციით, სადეპუტატო ვადის ამოწურვის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოში გადანაცვლება მე-9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატებსაც უნდათ. სააგენტოს ინფორმაციით, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის მსურველთა შორის არიან.
თავმჯდომარეობა უნდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნუგზარ სხირტლაძესაც. ვინაიდან ივნისამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი, ბიძინა ივანიშვილს დიდი დრო აქვს, კარგად დაფიქრდეს და არჩევანი ისე გააკეთოს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ 2020 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს ბევრი პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.
კანონმდებლობის მიხედვით კი, საკონსტიტუციო სასამართლო 9 მოსამართლე წევრისაგან შედგება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, 3 წევრს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 3 წევრს ნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
საკონსტიტუციო სასამართლოში დასანიშნ კანდიდატებს უზენაესი სასამართლოს პლენუმზე ასახელებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. კენჭისყრის შედეგად დანიშნულად ჩაითვლება ის 3 კანდიდატი, რომელიც პლენუმის დამსწრე წევრთა ხმათა ორ მესამედს მიიღებს.
2020news