15 იან 2020 17:18 972
თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობისთვის, მიხეილ კალანდიას სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი ჯანაშია დაიკითხა, რომელმაც მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება მისცა. ამის შესახებ პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ თქვა.
“დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა მსჯავდებული გიორგი ჯანაშია, რომელმაც ისაუბრა საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებაზე, რაც პირდაპირ კავშირშია ბრალდებული მიხეილ კალანდიას მიმართ წარდგენილ ბრალდების შინაარსთან და, შესაბამისად, ადასტურებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარკვეულ კომპონენტებს. მოწმემ ისაუბრა კონფლიქტის დროს მყოფი პირების როლზე. მათ შორის მოწმემ ისაუბრა ბრალდებულ მ.კ-ს როლთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ ფარდულთან ახლოს, დავით სარალიძესთან იხილა ბრალდებული, რომელსაც ხელში დანისმაგვარი საგანი ეჭირა და ხელი სისხლიანი ჰქონდა”, – განაცხადა საქმის პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ.
მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.
2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
გიორგი ჯანაშია დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობის მუხლით არის გასამართლებული.