16 იან 2020 16:44 1633

რის სანაცვლოდ გადავეცით ანდრეი კობისოვი ოსურ მხარეს და რას ვედავებით 5 თვის მერე?

 

 

გორის სასამართლოში,  37-წლის ანდრეი კობისოვის საქმის განხილვა ხელახლა გადაიდო. პროკურორმა ბრალდებული არ წარმოადგინა. სინამდვილეში კობისოვი (ქობესოვი) ცხინვალის საპატიმრობში იმყოფება, რადგან ოფიციალურმა თბილისმა ის ცხინვალის ხელისუფლებას 2019 წლის აგვისტოს გადასცა.


საქართველოს შს სამინისტროს კობისოვის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ. მოსამართლის თანამშემწე გვეუბნება, რომ მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა და ბრალდებული გირაოთია გათავისუფლებული: ,,სხვა დეტალები ჩვენთვის უცნობია, არც ძებნილის სტატუსით სარგებლობს“ - გვითხრა შალვა კაკაურიძის თანაშემწემ.

პასუხი ასევე არ გვაქვს საქართველოს პროკურატურისგან, რომელიც დიდი ხანია პროცესზე ბრალდებულის გარეშე გამოდის.

კობისოვისთვის წარდგენილი ბრალით ირკვევა, ის საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე 3-ჯერ შემოვიდა და ამდენჯერვე უკან გაბრუნებულა. მის მიმართ წარდგენილია ორი მუხლი:

1. საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი (3 ეპიზოდი) - ეს გულისხმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას.

2. სსკ-ის 322 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (3 ეპიზოდი)- რაც უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლას გულისხმობს.


ვინ არის ანდრეი კობისოვი

 


ანდრეო კობისოვის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2017 წელს გაჩნდა. ოსური მედია წერდა, რომ მან გაიტაცა ადგილობრივი ბიზნესმენი ალექსანდრე ცხოვრებოვი. ალექსანდრე ცხოვრებოვი 22 ივლისს საკუთარი მანქანით სოფელ ფრისისკენ წაიყვანეს.


გატაცების შესახებ ინფორმაცია მილიციას გატაცებულის შვილმა მიაწოდა. მამამ შვილს პირადად დაურეკა და გათავისუფლების სანაცვლოდ, გამტაცებლებისთვის, 2 მლნ რუბლის გადახდა მოსთხოვა. ცხინვალის მილიციამ დაადგინა, რომ გამტაცებელი ანდრეი კობისოვი იყო, რომელიც 2 წლის განმავლობაში, იძებნებოდა.

დე-ფაქტო ხელისუფლების შს მინისტრის პრეს-სამსახური ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ანდრე კობისოვმა სხვა ფაქტებიც აღიარა, კერძოდ, სარმატ გაბარაევთან ერთად ბიზნესმენ ნუგზარ ხეთაგუროვის გატაცება, რომელსაც 2 მლნ რუბლის გადახდა მოსთხოვა. ხეთაგუროვმა გამტაცებლებს მხოლოდ 500 000 რუბლი გადაუხადა.

ქობისოვი ასევე გენადი სიუკაევის გატაცების ფაქტსაც აღიარებდა, რომელსაც, თანამზრახველთან ერთად, 1,5 მლნ რუბლი გამოართვა.

რაც შეეხება ცხოვრებოვის გატაცებას, ცხინვალის მილიციამ ამ საქმეზე კობისოვი 2017 წლის 24 ივლისს დააკავა. სპეცოპერაცია ოსურმა მილიციამ ზარის გზაზე აწარმოა. ერთ-ერთი გამტაცებელი გაიქცა და ტყეს შეაფარა თავი.

ამის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ კობისოვი ცხინვალის ციხიდან გაიქცა.

შეტაკება მილიციასთან 2019 წელს და გაქცევა თბილისისკენ


2019 წლის 16 ივლისს, ცხინვალის რაიონის სოფელ ზალდაში, მილიციის თანამშრომლები დაჭრილები ნახეს

ცხინვალის მილიცია ირწმუნებოდა, რომ ძებნილები იყვნენ - 36 წლის ანდრეი კობისოვი და 28 წლის სარმატ გაბარაევი.

2019 წლის 17 ივლისს ოსურ საიტზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ კობისოვი და გაბარაევი ქართულმა პოლიციამ დააკავა

2019 წლის 18 ივლისს ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე ოსურმა მხარემ დაკავებულების გადაცემა მოითხოვა.

ერთთვიანი მოლაპარაკების შემდეგ 2019 წლის 20 აგვისტოს ანდრეი კობისოვი ე.წ. ცხინვალის ხელისუფლების წარმომადგენლებს გადასცეს. სანაცვლოდ, ცხინვალიდან საქართველოს 8 მოქალაქე გაათავისუფლეს. ამის თაობაზე ერგნეთში კითხვა საპატრულო პოლიციის უფროსს, ვაჟა სირაძეს დაუსვეს. სირაძემ გაცვლა-გამოცვლის შესახებ ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.

 

ქართლი.ჯი