16 იან 2020 19:51 9720
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) მოუწოდებს საპროკურორო საბჭოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძი კანდიდატურას მხარი არ დაუჭიროს.
ორგანიზაციის შეფასებით, შოთაძეს დაკარგული აქვს საზოგადოების ნდობა და მის საქმიანობასთან დაკავშირებით დღემდე არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები.
TI აცხადებს, რომ ირაკლი შოთაძის კონკურსში მონაწილეობა აჩენს ეჭვს, რომ მისი კანდიდატურის პარლამენტში წარდგენა და გენერალურ პროკურორად არჩევა წინასწარ არის გადაწყვეტილი და შერჩევის პროცესი ფიქტიურ ხასიათს ატარებს.
„2018 წლის 31 მაისს, ირაკლი შოთაძე ხორავას ქუჩაზე ორი ახალგაზრდის მკვლელობის საქმის არასათანადო გამოძიებისა და საზოგადოების მწვავე პროტესტის ფონზე მთავარი პროკურორის პოსტიდან გადადგა. პროკურატურისა და შსს-ს მხრიდან არაობიექტური და მიკერძოებული პროცესის ჩატარების შესახებ ეჭვები მირზა სუბელიანის ციხის ჩანაწერებმაც გააღრმავა.
დავით სარალიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სასამართლოს დღემდე არ აქვს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, ხოლო მირზა სუბელიანის მიერ გამოძიებაზე შესაძლო ზეგავლენის განხორციელებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ კითხვებს ამომწურავი პასუხი არ გასცემია.
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ საქმის შესწავლისას არაერთი ხარვეზი და კანონდარღვევა აღმოაჩინა, რასაც ეფექტიანი რეაგირება არ მოჰყოლია,“ - აცხადებენ ორგანიზაციაში.