16 იან 2020 20:40 11105
"მამა ნაჯახით დასდევდა დედამისს და მის ძმებს, სახლში რომ ბრუნდებოდა ჭერში ააგდებდა სკამს და შიშისგან ჩემი მეუღლე და მისი ძმა იფსავდნენ"
მამა გიორგის (ლაშა ჩიქოვანის) ყოფილი მეუღლე ნინო გორგოშიძე, ღიად სდებს ბრალს ყოფილ მეუღლეს, მის მამას – მამა ნიკოლოზს, რომელიც ასევე სასულიერო პირია, რძალს - მედავითნეს და ოჯახის სხვა პირებს - ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში.
"მან პირველად იძალადა ჩემზე, ქორწინებიდან მეორე დღეს. მან დედა შემაგინა იმის გამო, რომ მე სუნამო დავისხი, რომელიც ჩემმა მეგობარმა მაჩუქა ქორწილში. ქორწინებამდე მე სუნამოსაც ვისხამდი. არ ვიცოდი მას თუ არ უყვარდა. ქორწინების შემდეგ მე აკრძალული მქონდა სუნამოს დასხმა, მაკიაჟი, ლაკის წასმა. აკრძალვებში მას არ ვეწინააღმეგებოდი, ვემორჩილებოდი. გინება, პანჩურების ამორტყმა, სახეში გარტყმა, ხელები მქონდა ნაღრძობი, თავში დანა – ჩანგალს მირტყამდა – ეს იყო საშინელება, ძალიან რთული იყო ჩემთვის”, - ამბობს ნინო გორგოშიძე.
თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ ჯერჯერობით, 5 შვილის დედა კი არ უჩივის ყოფილ მეუღლეს, როგორც ნინო გორგოშიძე გვიყვება, არამედ, პირიქით, ყოფილი მეუღლე და მისი ოჯახი უჩივიან ნინოს, რომელსაც ამასობაში მეუღლის ოჯახის მიმართ გამოწერილი ორდერები ბლომად დაუგროვდა, მეტიც, ნინოს მონათხრობით, ყოფილ მამამთილს იმაზეც კი აქვს სარჩელი შეტანილი, რომ 5 შვილიშვილს და მათ დედას, იმ სახლის დატოვება აიძულოს, რომელშიც ახლა ცხოვრობენ.
„ალია“ ესაუბრება ყოფილ ფოფოდიას, ნინო გორგოშიძეს:
- პირველად როდის მიხვდით, რომ პრობლემები დაიწყო?
– ჩვენ ერთი ნახვით შეგვიყვარდა ერთმანეთი, ტაძარში, სხვათა შორის, რას წარმოვიდგენდი, რომ რეალურად ასეთი რამ გადაგვხვდებოდა? მამა ნიკოლოზზეც არ წარმომედგინა ის, რაც ჩემი თვალით მინახავს მათ ოჯახში. ვიდრე ჩემი ქმარი ცოლად მომიყვანდა, ძალიან ცუდი რაღაცა შეემთხვა, დათვრა და გიმნაზიის შუშები ჩაამსხვრია რუსთავში, დარაჯი არ უშვებდა სკოლის შენობაში და წინააღმდეგობა რომ გაუწია დარაჯმა, ეს იუკადრისა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ჩემმა მომავალმა მეუღლემ და გიმნაზიის შენობის ფანჯრებს დაუშინა ქვები. ამის გამო ის ხულიგნობაზე გაასამართლეს, გირაო შეეფარდა 2000 ლარის ოდენობით, იმ დროისთვის იყო ის პატრიარქის დაცვაში. მაშინ ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი, მე ავედი მის მამასთან და ვუთხარი, – მამა ნიკოლოზ, იქნებ დაეხმაროთ ლაშას, თვრება, სვამს, ვერ გაუგია რა უნდა, ცოლის მოყვანა უნდა, ბერობა უნდა, გაორებები ჰქონდა ჩემ ქმარს, მაგას ყოველთვის ჰქონდა გაორებები და მე მინდოდა დავხმარებოდი და გარკვეულიყო, რა უნდოდა რეალურად. ვუთხარი მამა ნიკოლოზს, ლაშა ძალიან სვამს, სასმელის გამო შუშებიც კი ჩამოიღო, ბოლო სამჯერ რომ შევხვდი, არაყი დალია, ბოთლი გამოცალა და ძალიან გამიკვირდა ლაშასგან, ცუდად მენიშნა ინტუიტიურად.
– თქვენს სარჩელს პირველი ნაბიჯები მოჰყვა - დაიწყო პროცესი...
– მე არ შემიტანია სარჩელი. სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული 15 ნოემბერს, პოლიციამ ჩათვალა საჭირო, რომ აღეძრა სისხლის სამართლის საქმე. 15 ნოემბრის ფაქტიდან გამომდინარე, რადგან გამოიცა ოთხი შემაკავებელი – მეუღლეზე, მაზლებზე და მედავითნეზე, მაგათ რძალზე. იმის მერე თვითონ პოლიციამ ჩათვალა საჭიროდ აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე. დღესაც იყო პროცესი, მე რომ მივედი მაგათ სახლში და მივაყენე შეურაცხყოფა მაგათ რძალს, ნინო არჯევანიძეს და დავემუქრე, თუ ჩემ შვილს შეეხები, დაგლეწავ ამ სკამივით, რომელი სკამიც მის თვალწინ გადავლეწე - ნინო არჯევანიძემ მამამთილთან ერთად იმოქმედა და ანგარიშსწორების მიზნით საქმე აღძრა მუქარის მუხლით და ზუსტად იმავე გირავნობის ოდენობის თანხა მოითხოვა, რა თანხაც გადაიხადა ჩემმა მეუღლემ - 3000 ლარი, იმის საპირწონედ და დღეს პროკურორმა მოსამართლეს მოთხოვა, რომ შემფარდვოდა აღმკვეთი ღონისძიება გირაოს სახით 3000 ლარი. ეს სასაცილოდ არ გვეყო არავის, მაშინ, როდესაც მე ვარ სოციალურად დაუცველი, მაშინ, როდესაც მე ვარ ხუთი შვილის დედა და მაშინ, როდესაც ფიზიკურად მე ვერ ვმუშაობ აი, ამ ამბებიდან გამომდინარე, შეიძლება ერთი–ორი პაციენტი მყავდეს, თორემ თუკი სრული დატვირთვით ვიმუშავებ, მაქვს ნორმალური შემოსავალი და საერთოდ არ მჭირდებოდა მე არავის დახმარება. მე ვარ ჩვილ ბავშვთა რეაბილიტოლოგი, ექიმი–მასაჟისტი, ვმუშაობ ჩემ შვილებთან ერთად, ჩვენ გვაქვს ყვავილების ბიზნესი, ეს იცის ყველამ და ამის შესახებ გავრცელებულია ვებ–გვერდზე ჩემი ბიზნესი, შეკვეთებს ვიღებ ცოცხალ ყვავილზე და ვაკეთებ ცოცხალი ყვავილების პროპაგანდას ქოთნებში, ასე თუ ისე ჩემი შემოსავლებით არ ვარ უკმაყოფილო, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ხუთი შვილი მყავს, უამრავ წრეზე დამყავს და ფაქტია, რომ რაც არ უნდა მაღალი ხელფასი ჰქონდეს ერთ დედას, ვერ გაწვდება ვერც კომუნალურ გადასახადებს, ვერც კვებას, ვერც წრეებს, ვერც ჭამას.
- სადაც ახლა ცხოვრობთ, ის ბინა ვისი საკუთრებაა?
_ მე ვიმყოფები ჩემი მამამთილის ბინაში, საიდანაც გვაძევებს, შეტანილია სასამართლოში სარჩელი ჩვენი გამოძევების შესახებ.
- ხუთივე ბავშვი თქვენთან ცხოვრობს?
– ხუთივე ბავშვი ჩემთან ცხოვრობს და მამამის მიჰყავს ხოლმე ორი პატარა, რადგან დანარჩენ ბავშვებს მამის ნახვა არ უნდათ. მიჰყავს, ხან ორი დღე ჩერდებიან, ხან ერთი დღე და ა.შ. მე ბავშვებს არ ვუშლი მამის ნახვას, არ ვმანიპულატორობ ბავშვებზე, მერე ააგებენ ამაზე უამრავ რაღაცას. მე ისედაც არ ვუშლი მამის ნახვას, მამაც რაც მეტად ნახავს შვილებს და რაც მეტი ურთიერთობა ექნება შვილებთან, ჩემთვის უკეთესია. ამ ბავშვებს 13 წლის მანძილზე მამა ენატრებოდათ. კაცი დასაძინებლად მოდიოდა სახლში, ისიც გალეშილი მთვრალი. შუაღამისას, 4-5 საათზე მოდიოდა, მიღვიძებდა დაძინებულ ბავშვებს, გვატერორებდა, გვცემდა, გვაფრთხობდა და იძინებდა თვითონ.
– მშობლები არ ერეოდნენ?
– ორმაგი სვლები ჰქონდა მამამისს ყოველთვის, არასოდეს ორივე არ დავუსვივართ, არასოდეს ორივესთან ერთად არ უსაუბრია, მომისმენდა ცალკე მე, ცალკე მის შვილს და მერე მე ბოდიშებს მახდევინებდა ჩემს ქმრისთვის, მეუბნებოდა, რომ უნდა ვყოფილიყავი მორჩილი ცოლი და უნდა დავმორჩილებოდი მას. რაღაცნაირად ავტორიტეტი იყო ის ჩემთვის, რადგან იყო სასულიერო პირი. მეც ეკლესიური ვარ, მაგრამ მერე ისე განვითარდა სიტუაციები, რომ მივხვდი, ეს აღარ უნდა გაგრძელებულიყო და თუკი გაგრძელდებოდა, მე აღმოვჩნდებოდი ფსიქიატრიულის პაციენტი.
– ალიმენტის საკითხი როგორ არის?
– მიუხედავად იმისა, რომ მესამე თვეა ერთი თეთრიც არ გადაუხდია ბავშვისთვის არც მამას, არც ბებიას, არც ბიძებს, არც ბიცოლას, არც ბაბუას, დღემდე სარჩელი არ შემიტანია სასამართლოში.
- ეს ბოლო სამი თვეა და მანამდე რა მდგომარეობა იყო?
- ჩამოვუწერდი ფურცელზე პროდუქტების სიას, კვირიდან კვირამდე კეთილსინდისიერად მოჰქონდა ეს ჩამოწერილი პროდუქტები მამას და ბავშვებს უტოვებდა ხან 25 ლარს, იშვიათად 50 ლარს, მაშინ, როდესაც მე დავუწერდი, რომ ბავშვისთვის უნდა მეყიდა სვიტრი, ან რეიტუზი და ა.შ. რაც შეეხება მამამთილს, ის გვიხდიდა კომუნალურებს, ალიმენტზე აუცილებლად შევიტან, ფიზიკურად ვერ ვასწრებ, რომ შევიტანო. დაცვის ორდერიც მინდა, ალიმენტიც მინდა და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაც უნდათ ჩემ შვილებს.
– სოციალურ ქსელში თქვენზე ბევრ რამეს წერენ... ზოგი ფიქრობს, რადგან თქვენ მღვდლის ყოფილი მეუღლე ხართ, აუცილებლად უნდა გეცვათ გრძელი კაბა, მოკლედ, ზოგი - ჩაცმას გიწუნებთ, ზოგი - სიტყვებს და ბრაზს...
– რაც შეეხება ჩაცმას, ვიდრე ფოფოდია მერქვა და ვიდრე კანონიერ ქორწინებაში ვიყავი მეუღლესთან, მე მეცვა გრძელი კაბები, თმასაც არ ვიღებავდი, ფრჩხილზე ლაქსაც არ ვისვამდი, მაკიაჟსაც არ ვიკეთებდი, სუნამოსაც არ ვისხამდი და თავჩაღუნული დავდიოდი ჩემი ტკივილებით, საკმაოდ დიდი ტკივილებით, რადგან ყველა ქალს, განსაკუთრებით იმ ასაკში, რა ასაკიც მივუძღვენი ჩემ ქმარს, უნდა ბედნიერება. ერთხელაც არ წავუყვანივარ ჩემ ქმარს კაფეში, ერთი კონა ია არ მახსოვს მისგან, ერთი ხელის გადახვევა არ მახსოვს და თუნდაც ერთი კომპლიმენტი. რაც შეეხება კრიტიკას, ეს არის იმ ადამიანების აზრი, ვინც ცხოვრობს სტერეოტიპებით, დოგმებით, რაღაც ნარატივებით, სნობური მსოფლმხედველობით. მე ვგმობ ყველანაირ სტიგმას და ვთვლი, რომ მთავარია უფალთან ვიყოთ მართლები, მთავარია ადამიანებთან ვიყოთ მართლები და არავის საქმე არ არის დღეს დახეული ჯინსი მაცვია, თუ სიგარეტს ვეწევი და არავის საქმე არ არის ჩემს პირად გვერდზე რა ინფორმაციას გავაჟღერებ. რაც შეეხება იმას, რომ მე მაქვს აგრესიული საუბარი, ამაზეც შემიძლია პასუხი გავცე საზოგადოებას, ეს არც მე მომწონს და ვაღიარებ, მაგრამ მე ვარ გამწარებული ქალი, რომელიც უსამართლობის წინააღმდეგ ვიბრძვი, ვარ ის გამწარებული ქალი, რომელიც დედაც არის, ქალიც, შვილიც, დაც, მეზობელიც, მეგობარიც, თანამშრომელიც... ყველა დაჩაგრულ და მსხვერპლ ქალს, ჩემი მოწოდებებით, მყარი ხასიათით და ნარატივებით ვუგზავნი მესიჯს, რომ ადამიანო, დედავ, ქალო, ყოველთვის გქონდეს შენი თავის რწმენა და ვერავინ უნდა გაბედოს შენი დაცემა და განადგურება. მოვიშველიებ კოკო შანელის სიტყვებს – რაც უფრო მეტად ცუდად აქვს ქალს საქმე, მით უფრო კარგად უნდა გამოიყურებოდეს ის.
– თქვენ სხვა მესიჯიც გააგზავნეთ, თქვით, რომ წლების მანძილზე ელოდით მის შეცვლას - უნდა ველოდოთ, რომ მოძალადე შეიცვლება? ამ გადასახედიდან რას ფიქრობთ, ადამიანები იცვლებიან?
– ყველაფერი შეიძლება... ფერისცვალება არის ზუსტად ამის ნიშანი. თუკი შეიძლება მეძავი მარიამ ეგვიპტელი გახდეს წმინდანი, თუკი შეიძლება გამცემი პეტრე, რომელმაც სამგზის უარყო ქრისტე, დღეს იყოს პეტრე კლდე სიმტკიცისა და პავლე, რომელიც დევნიდა ქრისტიანებს, თუ შეიცვალა - რატომ არ შეიძლებოდა შეცვლილიყო ლაშა ჩიქოვანი, რომელიც ღმერთის სამსახურშია? მე ამის მწამდა. მეჯერა მამამთილისაც როცა მეუბნებოდა, ნინო, მე კოდს ჩავუსვამ, ვუმკურნალებ და ყველაფერი კარგად იქნება.
– როგორ ფიქრობთ, რატომ არ შეასრულა დანაპირები მამამთილმა?
– მთელი ოჯახი ცხოვრობს სტიგმებით, არ უნდოდა ვინმეს გაეგო, მაგრამ რატომ ამოუვარდა ჩემ მამამთილს მეხსიერებიდან მისი შვილის ავარიები, ექიმები, მანქანას შუაზე რომ ჭრიდნენ და ისე გადმოჰყავდათ მისი შვილი, რატომ დაავიწყდა ის, რომ მეზობლებს ამოჰყავდა ნასვამი ჩემი ქმარი და ვცდილობდით მის დაბანვას, ნარწყევებში როცა ცურავდა. კი, ეს ხდებოდა მღვდლობაში. ის მღვდლობაში არის 2008 წლიდან. რატომღაც ესენი ამოუვარდა მეხსიერებიდან და რაღაც ილუზიებში ცხოვრობს, არ ვიცი რას ფიქრობდა, ვერ გეტყვით, ამაზე თვითონ თუ გაგცემთ პასუხს, თორემ ჩემი ღრმა რწმენით, სადაც შეიძლებდა მომხდარიყო ფერისცვალება ადამიანის, იქ შეიძლებოდა მომხდარიყო ჩემი ქმრის დახმარებაც, სხვათა შორის, იგი დღემდე უანგაროდ არის დედაეკლესიის სულიერი მოძღვარი, არასოდეს გაუცია აღსარება, არასოდეს დაუდია „სტავკები“, ანგარების გამო არასოდეს წასულა გაჭირვებულთან, მეტიც, ის დადიოდა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებთან, უტარებდა შვიდგზის ზეთისცხებას, ლოცვას, ნათლობას, მშობლებს აძლიერებდა რწმენაში, ციხეზე შედიოდა და ფსკვნილის ლოცვას ასწავლიდა პატიმრებს. მართალია, უცნაურია, როცა ადამიანი გარეთ ასე იქცევა და სახლში არის ჩამოყალიბებული მონსტრი - მაგრამ ტყუილს არ ვიტყვი, მართლა ასეთია გარეთ. ჩემს ყოფილ ქმარში ყოველთვის იყო გაორება, დასახიჩრებული ფსიქიკა ჰქონდა და სჭირდებდა სამედიცინო ჩარევა, ძლიერი ლოცვები სჭირდებოდა. ის იყო დამოკიდებული სასმელზე, ცხადია ეს სასმელი მასში აპროვოცირებდა ამ ყველაფერს და ის სახლში იყო ჩვეულებრივი, ჩამოყალიბებული პათოლოგი, პოტენციური მკვლელი. თუ არ უმკურნალებენ, ვიღაცას გაიტანს მანქანით, ან შემოაკვდება ვინმეს, ის ვერ იტანს ვინმესგან წინააღმდეგობას, ის იქნება ან პოტენციური მკვლელი ან პოტენციური ბომჟი.
– დამახინჯებულ ფსიქიკაზე საუბრობთ, რატომ?
– ჩემი ქმარი მიყვებოდა, რომ მას ჰქონდა მძიმე ბავშვობა, მეუბნებოდა, რომ მამა ნაჯახით დასდევდა დედამისს და მის ძმებს, სახლში რომ ბრუნდებოდა ჭერში ააგდებდა სკამს და შიშისგან ჩემი მეუღლე და მისი ძმა იფსავდნენ, აყენებდა დედამისს შეურაცხყოფას და აგინებდა მთვრალიც და ფხიზელიც. ჩემი თანდასწრებით ძალიან ბევრჯერ მიუყენებია ჩემს ყოფილ ქმარს საკუთარი მამისთვის უცენზურო სიტყვები და უთქვამს, შენ მე რა უნდა მასწავლო, ოდესმე თუ წაგიყვანივარ სადმე, შენგან არაფერი მახსოვს, შენ რა მამა ხარ, შენ რა კაცი ხარო. ამის გამო ჩხუბობდნენ მამა-შვილი და ის ფაქტიც, რომ ჩემი ქმარი ახლა კელიაში ცხოვრობს, იმიტომ კი არ ცხოვრობს, რომ მე მერიდება, თავისი მშობლები სახლში არ უშვებენ, რომ დალევს დაერევა მაგათ ყველას და წიოკია მაგათ სახლში.
- თქვენი ორი მაზლი რას ამბობენ მამაზე?
– ჩემი პირველი მაზლი, ისიც ძალადობაში გაზრდილი, მასაც აქვს პათოლოგიური გადახრები, ისიც განქორწინებულია მეუღლესთან, ჩემმა მეორე მაზლმა დააფეხმძიმა გოგო, არ მოიყვანა ცოლად იმიტომ, რომ სომეხი იყო, ამ გოგოს ჩემი დედამთილი და ჩემი მაზლი აიძულებდნენ გაეკეთებინა აბორტი, ამ გოგომ არ გაიკეთა და სახეზეა ნიკოლოზ ჩიქოვანი, რომელიც არის 8 წლის! ეს გოგო არის ძალიან კარგი ადამიანი, ძალიან კარგი მეგობარი, მასთან მაქვს ნორმალური დამოკიდებულება და სწორედ ამიტომ ვერ მიტანს მაზლის კანონიერი ცოლი, რომელიც არის მედავითნე ნინო, ჩემი მაზლი არის დამოკიდებული სასმელზე, ხან რაღაცებს ეპარება, ეწევა! ყოველ შემთხვევაში არცერთი ჩემი მაზლი თავიანთი ცხოვრებით არ გამოირჩევიან ისე, რომ თქვა, ესენი არიან სასულიერო პირის შვილები.
– ამ სამი ძმიდან მხოლოდ თქვენი მეუღლეა სასულიერო პირი?
– დიახ.
– თქვენ ითხოვთ ბინას და ითხოვთ თანხას, ამაზე თქვენი მეუღლის ადვოკატმა განაცხადა...
– მე გეტყვით სწორ პასუხს და შეგიძლიათ ჩემს ფეისბუქგვერდზე გადაამოწმოთ, არაფერს ვშლი, ხელს არ ვკიდებ და შეგიძლიათ კორექტირებაც ნახოთ, როდის ჩავაკორექტირე. 15 ნოემბერს გამოიცა შემაკავებელი ორდერები, მალევე შეიტანეს სასამართლოში და გაასაჩივრეს. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩიქოვანების ეს მოთხოვნა და ისინი ცნო მოძალადედ. ამის შემდეგ მამაჩემს დაურეკა მამამთილმა და უთხრა, რომ არ მინდა პოლიცია და რა გავაკეთო, რა უნდა ნინოს, რომ გავაკეთო და მშვიდობიანად ვიყოთო. მე პუნქტებად გავუგზავნე და შემიძლია გაგაცნოთ: პირველი, გამოიტანოს შემაკავებელ ორდერებზე საჩივრები, თავი დაანებონ სასამართლოში სირბილს და საჩივრების შეტანას, მეორე, თავი დაანებონ ჩემს დისკრიმინაციას ჩემ შვილებთან და ჩემზე და ჩემ შვილებზე ფსიქიკურად ძალადობას, მომცენ 100 ათასი დოლარი, რომ მე განრიდების საფუძველზე ვიყიდო სახლი ბავშვებისთვის, მომცენ ალიმენტის სახით 1500 ლარი თვეში, ხუთი შვილის დედა ვარ და მარტო ჭამაში არ ეყოფათ ეს თანხა და ბოლოს, ნოტარიუსის და პოლიციის თანდასწრებით მომცენ ხელწერილი ყველამ სათითაოდ, რომ თავს დაანებებენ ჩემი შვილების დისკრიმინაციას, შეურაცხყოფას, მასხრად აგდებას და ძალადობას. მე გეტყვით, რატომ მოვითხოვე ფული. ჩემი მამამთილი არის ძალიან ჯიბრიანი და ანგარიშსწორებიანი კაცი, სწორედ მაშინ, როდესაც კრიზისული ცენტრი მიშვებდა თავშესაფარში, ჩემმა მამამთილმა მითხრა სახლს გიყიდიო, ოღონდ თავშესაფარში არ წახვიდეო. მან სახლი იყიდა, გაიფორმა თავის თავზე და შარშანწინ თავის მედავითნე რძალს ჩაუდო ბანკში და გამოუტანა სასტუმრო.
- სასტუმრო აქვთ? სად?
- ოპერის უკან. ახლა მე რა გარანტია მაქვს, რომ ნიკოლოზ ჩიქოვანი რამე სახლს იყიდდა და არ გაიფორმებდა თავის თავზე, სამი შვილი ჰყავს. როგორც უკვე გითხარით, ახლა იმ სახლიდან უნდა გამოსახლება, სადაც ვცხოვრობთ, ამიტომ ფული მოვითხოვე, მინდოდა თავად მეყიდა სახლი. სასამართლოში დამიდო საბუთად, რომ მე ვარ გამომძალველი. ძალიან ავაზაკი ადვოკატი ჰყავთ, ქეთევან ვარდანაშვილი...
– შვილები რას გეუბნებიან, რა რეაქცია აქვთ?
– მე რომ შვილები არ მყოლოდა, შეიძლება სიცოცხლე სუიციდით დამემთავრებინა. თუკი დღეს ცოცხალი ვარ, ვიბრძვი და მინდა რაღაცა, მხოლოდ ჩემი შვილების გამო და მათი მომავლის გამო. ჩემი შვილები არიან უპირობოდ ჩემ გვერდით, ისინი არიან ჩემი მეგობრები, ჩემი ადვოკატები, ჩემი მრჩევლები, ჩემი გამომძიებლები, მეტიც, ბავშვები მოითხოვენ, რომ სასამართლო ჩატარდეს ღიად და სასამართლოში თვითონ ილაპარაკონ, მოითხოვენ თვითონ მათ ჩამოართვან ჟურნალისტებმა ინტერვიუ. ჩემ შვილებს აქვთ საშინლად უსამართლობის განცდა, რამდენს ბედავს მისი ბაბუა, მისი მამა, მისი ბიცოლა, მისი ბებია, მისი ბიძები, მათი ხალხი ჩემს წინააღმდეგ. სისხლის სამართლის საქმეც უნდა აღძრულიყო ორი წლის წინ ჩემ უფროს ქალიშვილზე, ტვინის შერყევა მიაღებინა მამამ და სასიკვდილოდ სცემა, შემოვარდა სახლში, შემოამტვრია კარი, გაუსწორდა ფიზიკურად, მისი ბაბუა ესწრებოდა ამ ყველაფერს, არ ჩაერია და არ გააშველა, ბავშვს თავი არტყმევინა კედელზე და იატაკზე, მიაყენა მახრჩობი დაზიანებები, ნაკაწრები, მხოლოდ ერთი ფოტოს გადაღება მოვასწარი, გარდატეხის ასაკშია ბავშვი და გულმკერდის გადაღების უფლება არ მომცა, იმ დღესვე წავედით შს სამინისტროში საქმე უნდა აღძრულიყო, მაგრამ ჩემთვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ აუცილებლად მიესჯებოდა ერთიდან სამ წლამდე პატიმრობა ლაშა ჩიქოვანს და ბავშვმა შეცვალა ჩვენება და სისხლის სამართლის საქმე დაიხურა ამიტომ. ჩემი შვილის ადამიანობა აქაც ჩანს, ბავშვმა შეცვალა ჩვენება მხოლოდ იმიტომ, რომ მამა მოენატრებოდა მის პატარა და-ძმას, ეს იფიქრა 11 წლის ბავშვმა.
ახლა ჩიქოვანებს აქვთ გეგმაში შვილები წამართვან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რაღაც ფაქტები შეაგროვონ და პოსტარგუმენტად დამიდონ წინ, რომ ვარ ცუდი და უღირსი დედა - ისინი წავიდნენ მეზობლებში, დაწერეს რაღაცები, ჩემს ცუდ დედობაზე იყო აპელირება, რათა ჩემთვის დედობრივი უფლებები შეეზღუდათ. მეზობლებმა ის ფურცელი გადახიეს და ხელი არ მოუწერეს.
– ჰყვებოდით, რომ მამა ნიკოლოზი ახსენებდა გავლენიან ხალხს, რომლებიც მად დაეხმარებოდნენ ყველა პრობლემის მოგვარებაში.
– მამამთილი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მას ჰყავდა გავლენიანი ხალხი ყველგან და ის გავლენიანი ხალხი ყოველთვის დაიცავდა -პირადად მითხრა მეც, ისეთი ხალხი მყავს, შენ ვერაფერს გახდები და მოგერევიო. ჩემს ბავშვს პეტრეს ეძახის დაუნს და ჩემ შვილებს ჩემზე ძალიან ცუდ რამეებს აგონებს, რომ დედათქვენს შარვალი რატომ აცვია, სიგარეტს რომ ეწევა ეგ რა ქალი და რა ადამიანია, ამის გამო მას დავურეკე და ვუთხარი, უფლებათა დამცველს დავურეკავ და შევატყობინებ, ბავშვების ფსიქიკაზე რატომ მოქმედებთ, გინდათ ბავშვებმა ჩემზე ცუდი იფიქრონ, გინდათ ბავშვებს ჩაუნერგოთ, რომ დედა ცუდია. ჩვენ, მე და ჩემი მამამთილი შევხვდით ერთმანეთს გარეთ და ამაზე გვქონდა საუბარი, ვუთხარი, რომ ამაზე პასუხს ვაგებინებ, ისევ იგივე მიპასუხა, შენ ხომ იცი მე როგორი ხალხი მყავს, შენ ვერაფერს გამიფუჭებ, ყურებზე ხახვს ვერ დამაჭრი.
– გვარები ხომ არ უხსენებია?
– არა, გვარები არასდროს უხსენებია.
– საპატრიარქოდან თუ ყოფილა დაკავშირების მცდელობა?
– საპატრიარქოდან იყო უმოქმედობა და საპატრიარქოს მეუფე ნიკოლოზ ფაჩულია მე პირდაპირ და ღიად დამემუქრა და წამიყენა ულტიმატუმი, თუკი მე წავიდოდი ჟურნალისტებთან, საპატრიარქოში ვერ მივიდოდი და პირადად მას დახმარებას ვერ ვთხოვდი. მან მითხრა, მე ვარ საპატრიარქოო. მე კი მას უნდა მივმართო პირდაპირ, თუკი, ერთი მეუფე ნიკოლოზ ფაჩულიაა საპატრიარქოა, მე მას ვეუბნები, რომ მე ხუთი შვილის დედა ვარ საქართველო, ჩემს ქვეყანას ვუზრდი ხუთ შვილს და საპატრიარქო ვალდებულია დაიცვას თუნდაც ყოფილი ფოფოდიას სიცოცხლის უფლება და დასაჯოს უღირსი, მოძალადე მღვდლები. მე მას გავახსენებ რჯულის კანონის 27-ე კანონს, სადაც წერია: მღვდელს, რომელიც სცემს ადამიანს, ან მღვდელს, რომლის დავალებითაც იცემება ადამიანი, დაუყოვნებლივ უნდა შუჩერდეს მღვდლობის სტატუსი. დავიჯერო, რომ ეს კომისიის სხდომის წევრებმა და ნიკოლოზ ფაჩულიამ არ იციან და მე უნდა შევახსენო?! მე მინდა მივმართო საპატრიარქოს და გავაკეთო განცხადება: ადამიანებს ერთადერთი ამ ქვეყანაზე ჰქონდა საპატრიარქოს იმედი და დედაეკლესიის რწმენა, მე ვამბობ ღიად, სასულიერო პირები არ არიან დედაეკლესიის სახე, დედაეკლესიის სახე არის თვითონ დედაეკლესია, რომელიც წარმოადგენს და განასახიერებს მაცხოვრის სხეულს, ის არის უწმინდესი ჭურჭელი. მე მოვუწოდებ ყველა სასულიერო პირს, წაიკითხონ და უყურონ გამოცხადებას, აპოკალიფსს, დაფიქრდნენ, გონივრულად იფიქრონ, შეწყვიტონ ადამიანებზე ზეგავლენა, შეწყვიტონ რეალობას მოკლებული განცხადებები, ილოცონ, იცოდნენ თავიანთი საქმე და ღირსეულად იტვირთონ ის ჯვარი, რაც მათ სურვილისამებრ აირჩიეს. მე საუბარი არ მაქვს ღირსეულ სასულიერო პირებზე, მე მაქვს საუბარი იმ სასულიერო პირებზე, რომლებიც ძალადობრივად ცდილობენ ადამიანების პირდაპირი მნიშვნელობით დაზომბირებას. თუკი ამ სასულიერო პირებს უნდათ ავტორიტარულ რეჟიმში საუბარი, თუკი უნდათ ძველბიჭური, ქურდული მენტალიტეტით საუბარი, დაიჭირონ ხელში ავტომატები და დადგნენ საზღვართან. როდესაც ადამიანი მიდის ეკლესიაში და სასულიერო პირს სთხოვს დახმარებას, იქიდან გამომდინარე, რომ ის განასახიერებს ცოცხალი მაცხოვრის სახეს, ვალდებულია ადამიანი გულში ჩაიკრას და დაეხმაროს ყველანაირად. ის კი არა, ტაბურეტკებით გამოეკიდოს გონებაარეულ და ცხოვრებაარეულ ხალხს, არამედ გულში ჩაიკრას და უთხრას – ნუ გეშინია, მე შენთან ერთად ვარ, შენ არ მიგატოვებ და ამით ადამიანებს რწმენა მისცენ. ამით ადამიანებს მისცენ ფერისცვალების შანსი და მისცენ იმედი, რომ რეალურად ჩვენ ვართ ის ქვეყანა, ვინც აირჩია მართლმადიდებლობა.
„ალია“ დაუკავშირდი მამა ნიკოლოზს, რომელმაც არ ისურვა კომენტარის გაკეთება.
თამო კეშელავა
ალია №1