16 იან 2020 21:20 10749

"ამის შესახებ ყველაზე კარგად ივანიშვილმა იცის…"

 

ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა დაგვანამუსეს, რომ ამბობდით, ნაახალწლევს ლარი გაუფასურდება, რატომ არ გაუფასურდაო? მოითმინეთ ბატონებო, ჯერ ძველი ახალი წელი გაქვთ წინ და მეორეც, ჯერჯერობით, კვლავ ახალი წლის „რაზგონით“ მიდის ჩვენი ეკონომიკა. ქართულმა სენმა, ახალ წელს მაქსიმალურად მობილიზებულები უნდა შევხვდეთ და შემდეგ რამდენიმე თვე საჭმელზე ფული დავზოგოთ, ახლაც იმუშავა და როცა საახალწლო საკვები ამოიწურება, როცა პროდუქტების საჭიროება კვლავ იჩენს თავს, ლარის გაუფასურებაც მაგ დროს დაიწყება და პროდუქტებიც მოიმატებს. ჰო, ის პროდუქტები, რომლებიც ახლა „ჩაწოლილია“ და არავის სურს, წიწიბურა, ბურღულეული... ეს სამომავლოდ, მანამდე კი...

ხელისუფლებაში კარგად იციან, რომ გასული წლის მსგავსად, სერიოზული უცხოური ინვესტიცია წელსაც არ განხორციელდება. უფრო მეტიც, თუ გახსოვთ თანაინვესტირების ფონდი და მის მიერ განხორციელებული პროექტები? ჩვენ შეგახსენებთ - თანაინვესტირების ფონდის ხელშეწყობით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ათამდე საწარმო გაიხსნა და საერთო ჯამში, ფონდმა ნახევარ მილიარდზე მეტის ინვესტიცია განახორციელა. ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი ლამის წმინდანად გამოაცხადეს განხორციელებული პროექტების გამო, აქაოდა, საქმეს უნარიანად უძღვებაო, მაგრამ...

„ეს ყველაფერი იყო ე.წ. სოციალური პროექტი, ანუ აღნიშნული საწარმოების გახსნა არ იყო გათვლილი მოგებაზე. ის გათვლილი იყო გაჭირვებულ რეგიონებში ადამიანების დასაქმებაზე. მართალია, ეს საწარმოები დღემდე მუშაობენ და პროდუქციასაც უშვებენ, მაგრამ ისინი არარენტაბელურია, ანუ მოგება არ მოაქვს. შედეგად, როგორც კი ამოიწურება ამ საწარმოებში ფონდის მიერ ჩადებული ინვესტიცია, ისინი ან გაჩერდებიან, ან უბრალოდ იმდენი მუშა-ხელის გაშვება მოუწევთ, რომ ხალხის დიდი მასა უკმაყოფილო დარჩება. შედეგად, თანაინვესტირების ფონდი ახლა ცდილობს მოიცილოს საწარმოები და ისინი რომელიმე ბიზნესმენს შეტენოს და თან ძალიან იაფად, თუმცა ბიზნესი ამ გარიგებისგან თავს იკავებს. ისინი უყურებენ, რომ საწარმო 4-5 წლის მანძილზე მოგებაზე ვერ გავიდა და წამგებიან ბიზნესში ფულის ჩადება არავის სურს. აი, თუ ივანიშვილი აიძულებს ვინმეს და ას მილიონიან ქონებას ათ მილიონად შეასაღებს, სხვა საკითხია“, - გვეუბნება ექსპერტი, რომელიც ახლაც „ოცნებაზე“ მუშაობს და რომელიც თანაინვესტირების ფონდის მიერ განხორციელებულ პროექტებშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა.

საინტერესოა, რომ ფონდის მიერ განხორციელებული პროექტებიდან, რამდენიმეს მფლობელი უჩა მამაცაშვილია, ბატონი ბიძინას დეიდაშვილი და ისიც მზად არის, ქონებას მიზერულ ფასად შეელიოს, რადგან არ სურს, საწარმოების გაკოტრება და გაჩერება მის სახელს (შესაბამისად ივანიშვილის სახელსაც) დაუკავშირდეს, მაგრამ ჯერჯერობით მყიდველის ძიება უშედეგოდ მიმდინარეობს.

გაზაფხულიდან ხელისუფლება აუცილებლად გააცოცხლებს წყალტუბოს განახლებისა და თრუსოს ხეობაში ქალაქის მშენებლობის თემას. მმართველ გუნდს ძალიან სჭირდება საარჩევნო წელს ახალი სამუშაო ადგილები და ეს ადგილები ძირითადად ამ ორ ობიექტზე უნდა შეიქმნას. საუბარია, დაახლოებით ათი ათას სამუშაო ადგილზე, რამაც წესით ეკონომიკაც უნდა წამოწიოს და ლარის კურსიც დაიჭიროს, თუმცა ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მხოლოდ ეს საკმარისი ვერანაირად ვერ იქნება აუცილებელი გახდება უცხოური ინვესტიცია, რომელიც მინიმუმ ას მილიონ დოლარს მოიცავს.

„თუ უცხოურ ინვესტიციას განახორციელებს რომელიმე ისეთი ფირმა, რომელიც ოფშორში იქნება დარეგისტრირებული, ჩათვალეთ, რომ ფულს ისევ ივანიშვილი დებს, თუ არადა, ეკონომიკა უბრალოდ ჩამოიშლება. ის ვერ გაუძლებს წინასაარჩევნო რყევებს, ლარი გაიქცევა და ეს ხელისუფლებისთვის განაჩენის ტოლფასი გახდება. ყველაზე კარგად, აღნიშნული სწორედ ივანიშვილმა იცის, რადგან უცხოელმა ექსპერტებმა უკვე უთხრეს რა და როგორ მოხდება, თუ საიდანმე მთავრობა უცხოურ ინვესტიციას არ მოიზიდავს. საქართველოში ფულის ჩადება კი სარისკო ბევრი ფაქტორის გარდა, ირანი-ამერიკის არეული ურთიერთობების ფონზეც გახდა. საქართველო რეგიონში ერთადერთია, რომელმაც შეიძლება ამერიკელებს ზღვაზე გასასვლელი მისცეს, რაკეტების განლაგების უფლება დართოს და სრულფასოვნად ჩაერიოს კონფლიქტში. ამიტომ, ამ გადმოსახედიდან, ასი მილიონი კი არა, ათი მილიონის უცხოური ინვესტიციის პერსპექტივასაც ვერ ვხედავ“, - გვეუბნება ჩვენი წყარო.

რამდენად მოახერხებს ივანიშვილი ამ ყველაფრის საკუთარ თავზე აღებას, ვერ გეტყვით, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ მას სხვა გზა უბრალოდ არ აქვს.

 

 

ანი დვალიშვილი

ალია №1