16 იან 2020 22:01 11177

რას გვიყვება თამთა კოსტავაზე, მერაბ კოსტავას უახლოესი მეგობარი

 

"თამთა ჩემზე ამბობს, მამობას მიწევსო"

 

ჯერ იყო და, ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია გაიმეტეს სასიკვდილოდ. ეს ამბავი ჯერ კიდეც ცხელი იყო, რომ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გავრცელდა, ეროვნული გმრირის, მერაბ კოსტავას ქალიშვილი სახლიდან გავიდა და იძებნებაო. იქვე ითქვა, რომ ის ფსიქოტროპული მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რომ ახალი გამოსული იყო კლინიკიდან და მძიმეა მისი მდგომარეობა... მოლედ, ათასი ტყუილ-მართალი დაიწერა. მე კიდევ მახსენდებოდა ეროვნული ხელისუფლების ჩაწიხვლის შემდეგ როგორ იდგა რუსთაველზე, თავის ეზოში, გალავნის თავზე, მერაბ კოსტავას თეთრთმიანი დედა, ქალბატონი ოლღა დემურია და გაოცებული გადმოჰყურებდა იმ ადამიანებს, რომლებმაც საქართველოს უღალატეს და ქვეყანაში ხუნტა გააბატონეს. 

თამთა კოსტავას გარშემო ატეხილ ხმაურზე კომენტარი ვთხოვეთ მერაბ კოსტავას უახლოეს მეგობარს, უზენაესი საბჭოს დეპუტატს, ამჟამად აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ნუგზარ მგალობლიშვილს:

 

- საკვირველია, პირდაპირ, ათწლეულები არ უკითხავთ თამთა კოსტავა და მისი დედა დალი გიორგაძე. მას ორივე თეძო იმპლანტი აქვს. თამთა კოსტავა უნიჭიერესი ადამიანია, შესანიშნავი მხატვარი, კარგად ფლობს ინგლისურ ენას. რატომ ატეხეს აჟიოტაჟი, სასეირნოდ გავიდა და ააგორეს ეს სისულელეები. ის ხშირად დადის მუზეუმებში. არ მესმის, რატომ ატეხეს ხმაური. ეტყობა, საქმე არაფერი აქვთ. თამთა მხატვარია და ბუნებაში უყვარს გასვლა, რა მოხდა, დღისით გავიდა და საღამოს დაბრუნდა. ამ ფეისბუქში და ონლაინ გამოცემებში კი ატეხეს ერთი ამბავი. დამირეკეს და მკითხეს, რა ხდებაო. არაფერი არ ხდება-მეთქი.

 

 

- არაფრისგან ატყდა ასეთი აურზაური?

- მას აქვს მცირეოდენი პრობლემები ჯანმრთელობის მხრივ, მაგრამ დღევანდელ დროში ვის არ გვაქვს ამ მხრივ პრობლემები? მას ამერიკაში სწავლის დროს შეეცვალა ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს საკითხი შესასწავლია, რა მიზეზებმა განაპირობა ეს. ამაზე ამომწურავად სხვა დროს ვისაუბრებ. ის სიკეთით სავსე ადამიანია. ამას წინათ ჩემზე უთქვამს თინათინ მღვდლიაშვილისთვის, მამობას მიწევსო. განსაკუთრებული ნდობით არის, მას კარგი განათლება აქვს. ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამთავრა უნივერსიტეტი, არის მხატვარი.

- თქვენი და მერაბ კოსტავას მეგობრობა როდიდან დაიწყო?

- 1972 წლიდან დაიწყო ჩემი მეგობრობა მერაბ კოსტავასთან. მერაბი ციხიდან რომ გამოვიდა, პირველად დედა მოინახულა და მეორე დღესვე მატარებელში ჩაჯდა და სოხუმში ჩამოვიდა, ჩემს სახლში მოვიდა, სადაც მისი სურათი ეკიდა. ჩემს მეუღლეს უცვნია, მაგრამ ისეთი თავმდაბალი იყო მერაბი, ისიც კი არ უთქვამს, მერაბ კოსტავა ვარო. მე სახლში არ ვიყავი. თქვენს მეუღლეს გადაეცით, ომარის სახლში, დეიდასთან ვიქნებიო, დაუბარებია. ასეთი ადამიანი იყო. მას არაფერი აინტერესებდა თავისთვის. მისი საზრუნავი მხოლოდ სამშობლო იყო. მახსოვს, იმ ღამით დედამ სუფრა გაშალა. ეს იყო ბედნიერება. ორი დღის შემდეგ ზვიადი ჩამოვიდა და მთელი ღამე ისე შემოგვათენდა, არც კი გვიგრძვნია. მაშინ ის პრობლემა იყო, რომ ყველა ზვიადის მონანიებაზე ლაპარაკობდა. ის მონანიება ყველაფერი ჩაწერილი იყო მოსკოვში, ჰერბსკის ინსტიტუტში. ეს იყო კგბ-ს ფსიქიატრიული ბაზა, სადაც მოათავსეს ზვიადი და იქ ვისაც ათავსებდნენ, წინასწარ ჰქონდათ მისთვის დასმული გიჟის დიაგნოზი. ძირითადად ამ თემაზე ვისაუბრეთ. მერაბმა მითხრა, ამ ამბავს უნდა ვუშველოთ, ხალხი შეცდომაში არის შეყვანილიო და მას ასეთი იდეა გაუჩნდა: ნუგზარ, შენ უნდა წახვიდე მოსკოვში, ლუდმილა ალექსეევასთანო.

- ვინ იყო ლუდმილა ალექსეევა?

- ლუდმილა ალექსეევა იყო ჰელსინკის ჯგუფის წევრი, რუს დისიდენტებში ერთერთი გავლენიანი. მერაბმა მითხრა, შენ ის დიდ პატივს გცემს და უნდა აუხსნა მას, რომ რუსმა დისიდენტებმა უნდა შეწყვიტონ ზვიად გამსახურდიაზე ასეთი სისულელეები. ზვიადს მრწამსისთვის არასდროს უღალატიაო.

- წახვედით?

- მე მერაბს ვუთხარი, მე და შენ ერთად უნდა წავიდეთ-მეთქი. მერაბმა მიპასუხა, გუშინ გამოვედი ციხიდან და მე კი არა, შენ უნდა წახვიდეო. მე კი წავალ, მაგრამ შენი სახელით ვილაპარაკებ-მეთქი. მეორე დღესვე გავფრინდი მოსკოვში. ლუდმილა ალექსეევასთან შეხვედრისას ჩვენ ერთმანეთთან ღიად საუბარი არ შეგვეძლო. თაბახის ფურცლები და ფანქრები იყო და ერთი ვედრო წყალი. ერთმანეთს წერილების მიწერ-მოწერით ვაგებინებდით. მერე წავუკიდებდით ცეცხლს და ვყრიდით წყლიან ვედროში. მას ავუხსენი, რომ ზვიადი რომ არ გამოსულიყო, დისიდენტური მოძრაობა საქართველოში მკვდარი იყო. მერაბი იმჟამად ციხეში იყო-მეთქი. ბოლოს ლუდმილამ მომწერა, რომ მაძლევდა სიტყვას, ზვიადზე არცერთი რუსი დისიდენტი ცუდს არ იტყვისო. მე ამ ფრაზებს ცეცხლი არ წავუკიდე. დავკეცე და ჯიბეში ჩავიდე. ნუგზარ, სად მიგაქვსო, მკითხა ლუდმილა ალექსეევამ. მე ვუთხარი, ეს უნდა ჩავიტანო თბილისში, რათა წაიკითხოს ზვიადმა და მერაბმა-მეთქი. ასე დავემშვიდობეთ ერთმანეთს.

ჩამოვედი თბილისში, მივედი გალის ქუჩაზე, ზვიადთან. მერაბიც იქ მოვიდა. კონსტანტინე გამსახურდიას საფლავზე ჩამოვსხედით. ეს სიტყვები ზვიადმა წაიკითხა და მერაბს გადასცა და მერე იქვე, მამის საფლავზე, ცეცხლი წაუკიდა. ეს ყველაფერი მე ლუდმილა ალექსეევას მოვუყევი. ასე რომ, მე ყოვლის მნახველი დისიდენტი ვარ. მე ვიყავი ჯერ კიდევ საქართველოს სსრ XI მოწვევის დეპუტატი, გუმბარიძის დროს, ოღონდ არასდროს აზრად არ მომსვლია დეპუტატობა. ეს ზვიადისა და მერაბის მოთხოვნა იყო. სოხუმის პირველმა საშუალო სკოლამ წარადგინა ჩემი კანდიდატურა დეპუტატად.

 

 

- ბატონო ნუგზარ, ზვიადისა და მერაბის იდეალები სხვა საქართველოსკენ იყო მიმართული და დღევანდელი საქართველო კი ამ ყველაფრის საწინააღმდეგოა. როგორ ფიქრობთ, რატომ აღმოჩნდა მერაბ კოსტავას შვილი ასეთ რეალობაში, როგორც თავადაც თქვით, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მომკითხავიც კი არავინ ჰყავს?

- იმიტომ აღმოჩნდა, რომ ქვეყანა ეროვნული სახელმწიფოებრივი აზროვნებიდან 180 გრადუსით არის ამოვარდნილი და, რასაკვირველია, ყველაფერი მოქმედებს ადამიანზე, განსაკუთრებით ისეთ ადამიანზე, როგორიც თამთა კოსტავაა, რომელსაც გულთან ახლოს მიაქვს და ისრუტავს მისი ცნობიერება და გონება ყველაფერს.

გასაგებია, შევარდნაძის რეჟიმის დროს თამთა კოსტავა მაშინდელი საზოგადოებისთვის არასასურველი პიროვნება იყო, მაგრამ როდესაც სააკაშვილის რეჟიმი დამყარდა, ბევრი ის ადამიანი, რომელიც მერაბისა და ზვიადის მეგობრად მიიჩნევდა თავს, ამ ნეოფაშისტ სააკაშვილის სამსახურში ჩადგა. მაგრამ ეს არ გააკეთა თამთა კოსტავამ.

- ბატონო ნუგზარ, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მოსვლამ ქვეყანაში სიღარიბე კი არ აღმოფხვრა, პირიქით, გაზარდა. მატერიალურს დაემატა მორალური სიღატაკეც. ფიქრობთ თუ არა, რომ ესეც ახდენს გავლენას თამთა კოსტავასნაირი ადამიანის ბუნების განწყობაზე?

-  რასაკვირველია, აქედან მომდინარეობს ის ყოველივე და ამიტომ ვერც საზოგადოება ყალიბდება და სახელმწიფოებრიობასაც ვკარგავთ. ეს არ არის სახელმწიფო. ჩვენი თვისებებიდან გამომდინარე, ჩვენი ბუნებიდან და მენტალობიდან გამომდინარე, რაც კი ხდება ქვეყანაში, ყველა ნაბიჯი დამანგრეველია, რასაც კი ხელისუფლება დგამს და ვართ ამ გაუგებრობაში მოქცეული. როდესაც ჩვენ გამოვაცხადეთ გარდამავალი პერიოდი, გეზი ეროვნულ სახელმწიფოებრივი განვითარებისაკენ ავიღეთ, მაგრამ ვინ დაგვაცადა. მოხდა პუტჩი და კანონიერი ხელისუფლება გაძევებული აღმოჩნდა. დღესაც ეს არის მიზეზი იმისა, რომ ქვეყანა ვერ ვითარდება, ჩარჩენილია იმ საბჭოთა სისტემაში. რას ვაკეთებთ, რისთვის ვცხოვრობთ, ეს ძალიან ძნელად არის გასაგები. ხან ვის ხუშტურებზე ვართ და ხან - ვის და სახელმწიფოებრივად ვერა და ვერ ჩამოვყალიბდით. ხან ერთი ძალა შეკრებს ხალხს და ხან - მეორე, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო სახელმწიფოებრივ აზროვნებასთან და ქვეყნის განვითარებასთან. თითოეული ძალის ინტერესი მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლა და ისევ ხალხის გაბრიყვებაა.

-  თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს ეროვნულმა და პატრიოტულმა საზოგადოებამ, თქვენ, მერაბისა და ზვიადის მეგობრები, რას აპირებთ?

-  ჩვენ კი ვცხოვრობთ იმ პრინციპებით, რაც ზემოთ მოგახსენეთ და მე პირადად არა ერთხელ გამიჟღერებია, რომ როდესაც არ არსებობს კულტურის სახელმწიფო პოლიტიკა ქვეყანაში და ამავე დროს არსებობს სახელმწიფო ინსტიტუცია სამინისტროს სახით, გაუგებარია, რაღას ეყრდნობა ის? მაგალითად, ორი წლის წინ მხოლოდ შეიქმნა სახელმწიფო კონცეფცია, რომელიც წარმოგვიდგინა ლატვიელმა ახალგაზრდა კაცმა და ის არ მუშაობს. ის ჩვენს ქვეყანაში ვერ იმუშავებს. ყოველივე ეს სწორედაც ნერგავს ჩვენს კულტურაში პლაგიატობას. და ეს ჩანს ყველა სფეროში. ჩვენ ვკარგავთ ჩვენს უნიკალურ სახეს. ისევ თამთას მივუბრუბდები. ის პიროვნებაა. მისი ნამუშევრების რამდენი გამოფენა მოეწყო. ყველა მნახველი აღფრთოვანებული იყო მისი პროფესიონალიზმით, რა ნიჭიერი მხატვარი ყოფილაო. ის შესანიშნავად გრძნობს ლაქას, ფორმას, კომპოზიციას და სწორედ, ამას ჰქვია ნიჭი. ეს უფლის ნაბოძებია. მე ეჭვი არ მეპარება და პესიმისტურად არ ვარ განწყობილი, რადგანაც უფალი რომ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას არ ტოვებს ამ განსაცდელში, სწორედ იმას ადასტურებს, რომ უფალი განსაცდელში მხოლოდ მოყვასს ამყოფებს.

 

 

"ალია" აქვე გთავაზობთ თამთა კოსტავს მიერ დაწერილ მოგონებას, რომელიც უფროს ძმას, ირაკლის მიუძღვნა.

ირაკლი - მოგონება

ბავშვობაში ძალიან მინდოდა ძმა მყოლოდა. ბებიაჩემ ვიქტორიას ვეხვეწებოდი, ჩემს მაგივრად ელოცა და ღმერთისთვის ეთხოვნა ჩემთვის ციდან ძმა გადმოეგდო. ბავშვობაში ვფიქრობდი, რომ ღმერთი ახალშობილ ბავშვებს ციდან ჰყრიდა და ბავშვები ამ გზით ჩნდებოდნენ.

ბებიაჩემს დილით აივანზე მლოცველს ვხედავდი, მივდიოდი ბებიაჩემთან, ვიხედებოდი ეზოში და ვათვალიერებდი, ეზოში ასფალტზე ჩემს ძმას ვეძებდი. ვნერვიულობდი იმიტომ, რომ შუა ეზოში ლუკი იყო და მეშინოდა, ჩემი ახალშობილი ძმა შემთხვევით ლუკში არ ჩავარდნილიყო. მე ჩემს ნატვრებში ვიყავი, როდესაც ერთ დღეს, სახლში დაბრუნებულ ბებიაჩემს და მე ორი უცნობი კაცი დაგვხვდა. ისინი დედაჩემთან ერთად მისაღებ ოთახში ისხდნენ. ოთახში შესულს, დედაჩემმა ერთ-ერთ მათანზე მითხრა: თამთა, გაიცანი, ეს შენი ძმა ირაკლი არისო. ირაკლის შევხედე, ჩემს წინ ორმეტრიანი ულვაშიანი ახალგაზრდა კაცი იჯდა. ეჭვის თვალით შევათვალიერე, მე ხომ ახალშობილ ძმას ველოდებოდი. ირაკლიმ დამიძახა და კალთაში ჩამისვა. მან და მისმა მეგობარმა ჯახალამ ლაპარაკით ისე გამაბრუეს, იმათ წასვლამდე ორივე ძალიან შემიყვარდა.

ჩემს ეზოში ირაკლის ორი მეგობარი ცხოვრობდა - მერაბ გურგენიძე, ჩემი ბავშვობის მეგობრების სალომეს და ელენეს მამა, რომელსაც ძალიან ვუყვარდი და დათო ძოწენიძე - ჩემი ნათლულის ბიძა. ერთხელ, ირაკლი ავთო ძოწენიძესთან იყო მოსული, ამხანაგებთან ერთად დათოს აივანზე იდგა და ეზოში მოთამაშეს მათვალიერებდა. მაშინ დამაინტერესდა ვინ იყო ეს უცხო კაცი და რატომ მათვალიერებდა. ირაკლი იმ დღიდან მახსოვდა, ოღონდ არ ვიცოდი ვინ იყო. იმ დღეს, როდესაც ჩვენ ერთმანეთი გავიცანით, ირაკლი თხოვნით მოსულა დედაჩემთან: მე და მყავს და ჩემს დასთან ურთიერთობა მინდა მქონდესო. ძმის გაცნობის შემდეგ, დედაჩემი მომიყვა: როდესაც გავჩენილვარ, ჩემს სანახავად მამაჩვენის სახლში ჩემი ძმა მოსულა, საბავშვო ეტლში მწოლიარესთვის საბანი გადაუხდია და გაჰკვირვებია, რომ საკმაოდ პატარა დავხვდი, საბანგადაფარაბული უფრო დიდი ვგონებივარ.

ჩვენი ურთიერთობა დაიწყო.

ირაკლიმ მუსიკალურ სასწავლებელში მიმიყვანა. გამოცდის დღეს, მისი ნაჩუქარი კაბა ჩამაცვეს. ირაკლიმ და მისმა მეგობარმა ჯახალამ მუსიკალურ საკონცერტო დარბაზში მიმიყვანეს, სადაც "საბაჩი ვალსი" დავუკარი. რომ დავამთავრე, ორივემ ტაში დამიგრიალა.

მამაჩემის დაბადების დღეს, 26 მაისს, ისევ ირაკლის ნაჩუქარი ერთ–ერთი ლამაზი კაბა ჩამაცვეს. მამაჩემს საჩუქრად ეგვიპტეში გაპარებისას უდაბნოში სამი მაღალი პალმის ძირში მყოფი ჩვილი იესო დავუხატე. ერთი პალმა დავხარე, რომელიც მწყურვალე ჩვილს თავისი სხეულიდან გამოწურულ წყალს პირში აპკურებდა. ირაკლიმ ჩემი საჩუქრითურთ მამაჩემის სახლში ჩამიყვანა, სადაც ბებიაჩემი ოლიკო ნათესავებთან და მამაჩემის მეგობრებთან ერთად მამაჩემს დაბადების დღეს უხდიდნენ. იქ გავიცანი ირაკლის დედა - რუსიკო. ამ პერიოდში, მამაჩემი ციმბირის ციხეში შიმშილობდა. ირაკლის სტუმრად დავყავდი თავის ნათესავებთან. ორი ახალგაზრდა გოგო გამომპრანჭავდა, საყურეებს და მძივებს დამკიდებდნენ, გულსაბნევს დამაბნევდნენ და მალამაზებდნენ. თვითონ პეპლების გულსაბნევებს აკეთებდნენ და გაკეთებას მეც მასწავლიდნენ. ბავშვობაში ხატვა მიყვარდა და სტუმრად ხშირად მახატვინებდნენ.

დედაჩემმა და ჩემმა ძმამ 8 წლის ასაკში მომნათლეს. ჩემი ნათლიები დედაჩემის სამი მეგობარი და ჩემი ძმის სამი მეგობარი გახდნენ. მოსანათლად მცხეთაში, სვეტიცხოველში წამიყვანეს. იქიდან ყველა ჩვენთან სახლში წამოვიდა წვეულებაზე. ერთხელ ჯახალამ და ირაკლიმ ფუნიკულიორზე წამიყვანეს. იქ ტირში მწვანე კაუჩუკის ბურთი მოვიგე. ფუნიკულიორიდან ფეხით ჩამოვედით და მამადავითზე გადავძვერით, რადგან დახურული დაგვხვდა; საფლავები მოვინახულეთ.

ბავშვობაში ნატვრის თვალს ვნატრობდი. ერთხელ, ირაკლიმ და ჯახალამ მეტრო რუსთაველის თავზე მდებარე მამაჩემის ეზოში გადამაძვრინეს. რუსთაველის მეტროს კედელზე ფერადი კედლის მოზაიკა იყო გაკეთებული. ამ მოზაიკიდან მუჭებით ფერადი ქვები ჩამომიხსნეს. ქვები მეც შევაგროვე ჩემით. ბავშვობაში ფერად და ბრჭყვიალა ქვებს ვაგროვებდი. მჯეროდა, რომ ინდოეთში ხეების ძირში ნატვრის თვალები იყო ჩაფლული. თუ ინდოეთში ვიმოგზაურებდი, იქიდან ნატვრის თვლის ჩამოტანას შევძლებდი. ნატვრის თვალს რასაც ჩავუთქვამდი, იმ სურვილს ამისრულებდა. ჩემი ძმა რომ მოკლეს, მე არ მეუბნებოდნენ. მჯეროდა, რომ ირაკლი ნატვრის თვალის ჩამოსატანად ინდოეთში იყო წასული...

ჩემს ძმას და მე ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა. ირაკლი ძმობას სიცოცხლის ბოლომდე სიყვარულით მიწევდა."

 

 

 

ნანა სულავა

ალია №1